Skip to content

Your Study Guide in the USA and Europe

Know-How about scholarships and study abroad

Scholarship საზღვარგარეთ სასწავლებლად გამგზავრებამდე მთელი რიგი ინფორმაციის მოძიებაა აუცილებელი. ზარმაცი ადამიანის ლოგიკა – “ჩავალ და ადგილზე გავარკვევ” – ამ შემთხვევაში უნდა დაივიწყოთ: ჩასვლის შემდეგ ისედაც ბევრი მოსაგვარებელი დეტალი გამოხტება, ასევე შეიძლება იყოს კულტურული შოკი, ათასი ნამდვილი და მოგონილი მიზეზი, რომელიც საქმის კეთებაში ხელს შეგიშლით. როდესაც არსებობს ინტერნეტი, სავსებით შესაძლებელია მაქსიმალური ინფორმაციის მოძიება და გარკვევა რიგი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. კერძოდ: 

  • საცხოვრებელი სტუდენტურ დასახლებაში (კამპუსში) და მის გარეთ; მისი მდებარეობა, ხელმისაწვდომობა და პირობები (ავეჯით ქირავდება თუ უავეჯოდ; ბინის ქირაში რა მომსახურებები შედის, სად არის განთავსებული სამრეცხაო, რა ღირს; რამდენად უსაფრთხოა კონკრეტულ უბანში ცხოცრება და ა.შ.).
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მისი მოძრაობის გრაფიკი და ღირებულება (ყოველდღიური, ყოველკვირეული ან ერთთვიანი აბონემენტები, მათი გამოყენების პირობები ); მათი მარშრუტები საცხოვრებლიდან კამპუსამდე, საცხოვრებლიდან ქალაქის ცენტრამდე, სხვა ქალაქებამდე კავშირი და ა.შ. ტაქსის კომპანიები, მანქანის გაქირავების სერვისები და ფასები; ასევე  – ახალი და მეორადი მანქანების, მოტოციკლეტების, სკუტერების ფასები (შეძენის სურვილის შემთხვევაში).
  • მანქანის შეძენის შემთხვევაში – სადაზღვევო კომპანიები, მათი მომსახურების ფასები და პირობები. ასევე, შეკეთების სერვისების მდებარეობა/მისამართები (რა იცი რა ხდება 🙂 )
  • მართვის მოწმობა – შეიძლება თუ არა კონკრეტულ ქვეყანაში ან შტატში საქართველოს საერთაშორისო მართვის მოწმობის გამოყენება; თუ ადგილობრივის აღებაა აუცილებელი. რა დრო, თანხა და პროცედურებია მისთვის საჭირო. უნდა გაარკვიოთ კონკრეტული დასახლებისთვის (იქნება ეს რეგიონი თუ შტატი), რადგან ყველა მათგანს შეიძლება სხვადასხვა რეგულაცია ჰქონდეს. ამერიკაში ერთი შტატიდან მეორეში საცხოვრებლად გადასვლის შემთხვევაშიც აუცილებელია ახალი მოწმობის აღება.
  • სამედიცინო პუნქტების, კვების ობიექტების, შოპინგ ცენტრების, ავტობუსების/მატარებლის სადგურების, გაჩერებების და სხვა საჭირო დაწესებულებების მდებარეობა, მათთან მისასვლელი გზა და საშუალებები
  • მობილური კავშირგაბმულობა; ტერიტორიაზე არსებული კომპანიები და მათ მიერ შეთავაზებული ტარიფები; რამდენხნიანი კონტრაქტის დადებას ითხოვენ, არის თუ არა უკონტრაქტო ნომრები და რა ფასად.
  • ინტერნეტი – ადგილობრივი კომპანიები, მათი ტარიფები და პირობები. კონკრეტულად რა ტერიტორიებს ემსახურებიან. შეიძლება კომპანია ფარავდეს ქალაქის დიდ ნაწილს, მაგრამ არ მუშაობდეს კონკრეტულ უბანში. ასევე შეიძლება განსხვავდებოდეს ინტერნეტის შეყვანის საფასური და ხანგრძლივობა (ვიღაც მინიმუმ 1-წლიანი კონტრაქტის დადებას ითხოვდეს, ვიღაც მხოლოდ სააბონენტოს სჯერდებოდეს განუსაზღვრელი ვადით). რა ხდება კონტრაქტის ვადამდე სეწყვეტის შემტხვევაშჲ? არის თუ არა ჯარიმები გადახდის დაგვიანების გამო? ეს ყველა დეტალი მნიშვნელოვანია და ხელის მოწერამდე აუცილებლად უნდა გაარკვიოთ, თუ გინდათ რომ უსიამოვნო სიურპრიზები აიცილოთ თავიდან. იგივე ეხება სატელეფონო ტარიფებსა და პირობებს.
  • სამედიცინო მომსახურების წესები და პირობები – რას ითვალისწინებს დაზღვევა? თუ რაიმე წამალი გჭირდებათ – როგორ იყიდება ის კონკრეტულ ქვეყანაში, სჭირდება თუ არა ექიმის რეცეპტი და რა დრო/პროცედურებია საჭირო მის მისაღებად.
  • ადგილობრივი კანონები და წესები – სულ მცირე, იმის დადგენა, დაშვებულია თუ არა გარეთ ალკოჰოლის მიღება, რა ასაკიდან შეიძლება ალკოჰოლის ყიდვა, რამე უცნაური აკრძალვა ხომ არ არის კონკრეტულ ქალაქში (მაგალითად, ამერიკის ზოგიერთ სკვერში ჯდომა მხოლოდ გარკვეული საათების განმავლობაშია ნებადართული). ეს ყველაფერი ბევრ უსიამოვნებას და დროის კარგვას აგარიდებთ თავიდან.

ასევე მნიშვნელოვანია, დააზუსტოთ უნივერსიტეტის წარმომადგენელთან დამატებითი დოკუმენტების წაღება თუ არის რეკომენდირებული (კონკრეტული საბუთების ასლი ან ორიგინალი, მაგალითად – დაბადების მოწმობა, სამედიცინო ცნობა და ა.შ.).

checklist-with-green-checkmark-icon-minსპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებმა აუცილებლად უნდა გაარკვიონ რა სერვისები და შესაძლებლობებია განვითარებული მათთვის, ვინ არის პასუხისმგებელი პირი.

გადახედეთ უნივერსიტეტის საგნების ჩამონათვალს. თუ რომელიმე უცხო საგანია, რომელთანაც მანამდე შეხება არ გქონიათ, წინასწარ მოძებნეთ მასთან დაკავშირებული ტერმინების ლექსიკონი. ეს გაგიმარტივებთ სწავლის პროცესს. თუ ასეთი ვერ იპოვეთ, მაშინ კითხვის პერიოდში თავად მოგიწევთ შედგენა.

ლექსიკონის წაღება – ზოგადად, საზღვარგარეთ ლექსიკონების წაღების მომხრე არ ვარ – ისინი საკმაოდ მძიმეა და ბარგშიც ადგილს იკავებენ. მირჩევია, რომ მის მაგივრად უფრო საჭირო და სასარგებლო ნივთები ჩავალაგო. თანაც, არსებობს უამრავი ონლაინ ლექსიკონი (ქართულად თარგმნისთვის, ან განმარტებითი), რომლებსაც უკვე წლებია წარმატებით ვიყენებ. გამონაკლისს შეიძლება წარმოადგენდეს ტექნიკური ან პროფესიასთან დაკავშირებული სპეციფიკური ტერმინების ლექსიკონი (რომელიც მე პირადად არ მჭირდება).

ამობეჭდეთ და შეინახეთ უნივერსიტეტის/პროგრამის კოორდინატორის საკონტაქტო ინფორმაცია (პირველ რიგში, ტელეფონის ნომერი) – გზაში ნებისმიერი გართულების შემთხვევაში რომ შეგეძლოთ დროული დაკავშირება.

ასევე – აუცილებლად გაარკვიეთ აეროპორტიდან კამპუსამდე/საცხოვრებლამდე მისასვლელი გზა. რა მანძილია? ზოგჯერ ეს ახლოსაა, ზოგჯერ – სხვა ქალაქში, 2-3 საათის სავალზე. რა ტრანსპორტით შეიძლება წახვიდეთ? რა ღირს? სად/როგორ უნდა აიღოთ ბილეთი, როგორ გადაიხადოთ? დაგხვდებათ თუ არა აეროპორტში ვინმე? ამერიკაში ჩასვლისას მე და ჩემს ჯგუფს (ისევე როგორც სხვებს) უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის წარმომადგენელი დაგვხვდა და მანქანით ჩაგვიყვანა. დამოუკიდებლად ჩასვლა თუ მოგიწევთ, ასევე სჯობია გაარკვიოთ თქვენთან ერთად, ან იმავე დროს ჩამოდის თუ არა იმავე პროგრამის/უნივერსიტეტის სხვა მონაწილეც. ამ შემთხვევაში უფრო მხიარულად იმგზავრებთ და ხარჯებსაც გაიყოფთ.

შესაძლებელია თუ არა კონკრეტულ ქვეყანაში/ქალაქში ნივთების გამოწერა – რა საშუალებებით და დანახარჯებით? ამერიკაში ეს სერვისი საკმაოდ განვითარებულია და ცხოვრებას ამარტივებს. ბევრ დროს და ენერგიას ზოგავს – არ გიწევთ შოპინგზე ხშირად სიარული. ასევე შესაძლებელია ნივთების დაბრუნებაც (და ესეც საკმაოდ მარტივად). სხვა ქვეყნებისთვის კი სჯობია რომ დააზუსტოთ და გადაამოწმოთ.

ფოსტა – სად მდებარეობს და რა გაგზავნის სერვისები აქვს? რა ფასად? ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ამანათების მიღება და გაგზავნა გიწევთ. კამპუსების უმეტესობაში არის რომელიმე საფოსტო წარმომადგენლობა. აუცილებლად გადაამოწმეთ მისი ტარიფები, მიღება/ჩაბარების დრო და სხვა ალტერნატივებიც. ძირითადად ჩვეულებრივი ფოსტის ფილიალებია, ხოლო სწრაფი გზავნილების კომპანიები შესაძლოა მოშორებით მდებარეობდეს.

ბანკები – ახალ ქვეყანაში აუცილებლად დაგჭირდებათ ადგილობრივი საბანკო მომსახურება. ამიტომ წინასწარ აუცილებლად გაარკვიეთ კონკრეტული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე რომელი ბანკები მუშაობენ; ზოგჯერ შეიძლება გქონდეთ ალტერნატივები, ზოგჯერ – არა. ასევე გაიგეთ, რა პირობები აქვთ საკრედიტო/სადებეტო ბარათებზე,  აქვთ თუ არა მომსახურების საკომისიო, ბანკომატიდან განაღდების საკომისიო, ინტერნეტ-ბანკინგი/სმს ბანკინგი და მისი მომსახურების საკომისიო (ყოველთვიური თუ ერთიანი გადასახადი),რას სთავაზობენ სტუდენტებს ან კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფს – როგორც წესი, სტუდენტური მომსახურების ტარიფები ბევრ შეღავათს შეიცავს.

სტუდენტური ID და მისი უპირატესობები – ზოგ ქვეყანაში/ქალაქში სტუდენტი რიგი შეღავათებით სარგებლობს, დაწყებული ტრანსპორტიდან, დამთავრებული სხვადასხვა ფასდაკლებებით კვების ობიექტებში, კინო-თეატრებში და ა.შ. არის ადგილობრივი და საერთაშორისო ID. ეს უკანასკნელი ფასიანია, ონალინ უნდა დარეგისტრირდეთ და გარკვეულ პერიოდში მიითებთ ფოსტით. მაგრამ საერთაშორისოს გაკეთებამდე კარგად დაფიქრდით – რეალურად გჭირდებათ თუ არა იგი.

შრომატევადი პროცესია? 🙂 მერე რა. სამაგიეროდ შემდეგ ძალიან ბევრ დროსა და ენერგიას დაგიზოგავთ. ასევე, მომზადებული წასვლა სტრესსაც შეამცირებს და უფრო თავდაჯერებულს გაგხდით. ახალ ადგილზე ადაპტაცია და ორიენტაციაც გაგიადვილდებათ. წარმატებას გისურვებთ.

Tags: , , , , , , , , , , , , , ,